ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანების და მისი წევრი ასოციაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ექთანთა შრომის პირობების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ. ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც ექთნების განათლებასა და მათ მძიმე სამუშაო პირობებს უკავშირდება.
"სოლიდარობის ქსელის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ რამდენიმე სისტემური პრობლემა გამოავლინა, მათ შორის ექთნების ანაზღაურების, მედდების დეფიციტის, მათი მომზადებისა და შენარჩუნების პრობლემა.
სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემაც. მან იმ პრობლემებს გაუსვა ხაზი, რაც ექთნების პროფესიულ განვითარებას და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას აფერხებს.
ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანება აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სამთავრობო სტრუქტურებთან და კერძო თუ არასამთავრობო სექტორთან, რათა ხელი შეუწყოს ქართველი ექთნების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.