საერთაშორისო ოქროს სტანდარტად აღიარებული - JCI აკრედიტაციის მფლობელი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ - AHT, როგორც საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, კერძო საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, კვლავ აგრძელებს ოპერირებას და უმასპინძლა ვორკშოპს: „ადამიანური კაპიტალის განვითარება, დამსაქმებლის როლი და რეგულაციები საექთნო პროფესიაში“. ღონისძიება გაიმართა 20 სექტემბერს, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“, ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებისა და უნარების სააგენტოს ორგანიზებით.
ღონისძიების ფარგლებში, საექთნო მიმართულების სამ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და AHT-ს შორის, თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რის შემდეგაც, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გადაეცათ მადლობის სიგელები ადამიანური კაპიტალის განვითარების, დამსაქმებლის როლისა და საექთნო პროფესიაში რეგულაციების წარმატებით დანერგვაში.
AHT აღმასრულებელმა დირექტორმა, ერჯან აიილდიზმა ხაზი გაუსვა ძირითად გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, აქტუალურია დღეს, დამსაქმებლებისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დეფიციტის მართვის მიმართულებით. მისი თქმით, სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხის სტანდარტების განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია ექთანთა როლი, რადგან უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა ეფუძნება მაღალი ხარისხის საექთნო პრაქტიკას.
ამის შემდეგ, გაიმართა პანელური დისკუსიები და ვორკშოპის სესია. ვორკშოპში მონაწილეობდნენ ყველა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, მათ შორის, მარეგულირებელი ინსტიტუტები, დარგობრივი ასოციციები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და დამსაქმებლები.
ვორკშოპის მიზანი გახლდათ საექთნო და მეანი ექთნის ახალი რეგულაციების დანერგვის ფორმატში მხარეების როლის განსაზღვრა, ასევე ჩართულობის ფორმატის დიზაინისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება შემდეგი მიმართულებით: კვალიფიკაციების შემუშავება და განვითარება; კვალიფიკაციების შეფასების სისტემა; დიპლომის შემდგომი განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება; რეგულაციების დანერგვის თანამედროვე მოდელები და ეტაპები; დამსაქმებლის როლი პროფესიული განვითარების პროცესში.
დაინტერესებულმა მხარეებმა შეიმუშავეს შემდგომი სამოქმედო გეგმა და განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი.