2024 წლის 4-5 ოქტომბერს, მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ჯეოანესთეზია 2024“, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა. ბოლო სამი წელია, რაც საერთაშორისო კონფერენციას „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ შეუერთდა, რომლის საექთნო სესიას, სწორედ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექთან ლიდერთა წარმომადგენლობა აორგანიზებს.
„ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ექთანთა გაერთიანების, როგორც საექსპერტო ორგანიზაციის დარგობრივი აქტივობა, ხელშეწყობა და ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე. რაც მთავარია, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სახეზე გვაქვს დარგის, დამსაქმებლისა და დარგობრივი ორგანიზაციების ბიზნეს-პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი“, - განაცხადა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ საექთნო დეპარტამენტის დირექტორმა - ია გელენიძემ.
„ჯეოანესთეზია“ ანესთეზიოლოგთა ასოციაციების გაერთიანების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციაა, რომელსაც ესწრებიან ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების კოლეგა-სპიკერები და ექსპერტები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამავე კონფერენციის ფორმატში, იმართება ვორქშოპები, რომლებიც საინტერესოა პროფესიონალებისთვის, როგორც შემეცნებითი, ასევე პრაქტიკული უნარების დახვეწის თვალსაზრისით.
წელს, საერთაშორისო კონფერენციაზე - „ჯეოანესთეზია 2024“ - საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული იყო დარგობრივი მიმართულებით 226 დელეგატი.