


ექთანთა გაერთიანებამ გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა პარტნიორ კლინიკაში "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა.
უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ UNDP უკრაინის წარმომადგენლები, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საავადმყოფოების და სამედიცინო ცენტრების დირექტორები, მთავარი ექიმები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების უფროსები, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების კუთხით მუშაობენ. შეხვედრის მთავარი თემა ჰოსპიტალური მენეჯმენტი და ჯანდაცვის რეფორმა - მიღწევები და მომავლის გეგმები გახლდათ. უკრაინული დელეგაციის ვიზიტი გაეროს აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში შედგა. სასწავლო ვიზიტის მიზანი გახლდათ საქართველოს გამოცდილების გაზიარება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების და სამედიცინო სფეროში სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის კუთხით ხელშეწყობის მხრივ.
ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოში საექთნო პროფესიის განვითარების ეტაპებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შესახებ. ასევე გააცნო ორგანიზაციის და მისი წევრი დარგობრივი ასოციაციების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები.
უკრაინელ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა "ნიუ ჰოსპიტალსის" სამედიცინო დირექტორმა გიორგი კორძახიამ. მან უკრაინელ კოლეგებს ჰოსპიტალურ მენეჯმენტში "ნიუ ჰოსპიტალსის" გამოცდილება გაუზიარა.
ია გელენიძემ და გიორგი კორძახიამ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ მომავალში კვლავ ითანამშრომლონ უკრაინელ კოლეგებთან სხვადასხვა მიმართულებით. თავის მხრივ, უკრაინელმა სტუმრებმა ხაზი გაუსვეს შეხვედრის მნიშვნელობას. მათი თქმით, ასეთი შეხვედრა-დისკუსიები იყო კარგი საშუალება, რათა შეესწავლათ ინოვაციური მეთოდები, დაენახათ მსგავსება/განსხვავება ქართულ და უკრაინულ რეალობას შორის და მოეხდინათ ამ ყოველივეს ანალიზი შემდგომი ნაბიჯებისათვის.