ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე ევროპის რამდენიმე ქვეყნის კოლეგებთან მართავს შეხვედრებს. შეხვედრები გლობალური კვლევის "საექთნო პროფესიის რეგულაციები და ევოლუცია" ფარგლებში მიმდინარეობს. კვლევის პროექტს "ექთანთა გაერთიანება" თანაავტორად 2018 წლიდან შეუერთდა და მსოფლიო მასშტაბით საექთნო რეგულაციებისა და პრაქტიკის შესწავლა დაიწყო.
კლვევითი პროექტის ფარგლებში შეხვედრები ამჯერად იტალიაში, სლოვენიასა და ჩეხეთში გაიმართა. იტალიისა და სლოვენიის ექთანთა ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები, საექთნო პროფესიის გლობალური სტრატეგიული გეგმა, სფეროსა და კომპეტენციების განსაზღვრის/დანერგვის პრაქტიკა, ევროდირექტივა და ნაციონალურ დონეზე რეგულაციების შესაბამისობა, ასევე პროფესიის განვითარების გზები ნაციონალურ დონეზე.
დატვირთული იყო ჩეხეთში ვიზიტიც. ვიზიტი შედგა ჩეხეთის ერთ-ერთ უძველეს საექთნოს სკოლაში, რომელიც არსებობის 100 წელს ითვლის. სასწავლებლის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეხვედრისას განიხილეს პროფესიული განვითარების გლობალური სტრატეგიისა და საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვის საკითხები, პროფესიის საკანონმდებლო რეგულაციები, განათლების ხარისხის განვითარების სისტემის ნაციონალურ დონეზე ადაპტირებისა და დანერგვის გზები.
ია გელენიძე გლობალური კვლევის ფარგლებში შეხვედრებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს.