საქართველოს მასშტაბით ექთნების გაერთიანების მიზნით ექთანთა გაერთიანებამ და კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციამ შეხვედრები ბათუმის კლინიკებში გამართეს. ამჯერად შეხვედრები ხოზრევანიძის კლინიკასა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გაიმართა.
შეხვედრები როგორც საინფორმაციო, ასევე შემეცნებით ხასიათს ატარებს.
ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია გელენიძემ ბათუმელ ექთნებს უწყვეტი პროფესიული განათლების მიმართულებით მსოფლიო პრაქტიკა გააცნო. ასევე ისაუბრა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ექთნების პროფესიული საქმიანობის რეგულაციას უკავშირდება. ია გელენიძემ ხაზი გაუსვა საექთნო პროფესიის განვითარებაში უწყვეტი პროფესიული განათლების და პროფესიული კავშირების საქმიანობის მნიშვნელობას.