ექთანთა გაერთიანების და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები ბათუმის კლინიკებში გამართეს. პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები 5 სხვადასხვა კლინიკას სტუმრობდნენ: მედცენტრი, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი (BMC), ჯანმრთელობის ცენტრი მედინა, სამედიცინო ცენტრი "ბაუ". თითოეულ კლინიკაში ათეულობით ექთანია დასაქმებული.
შეხვედრებს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე და წევრი ასოციაციების (კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაცია, ნეონატოლოგის ექთანთა ასოციაცია, ქირურგიის ექთანთა ასოციაცია, ბებიაქალთა ასოციაცია) წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანი ექთნებისათვის უწყვეტი პროფესიული განათლების მნიშვნელობის და საექთნო პროფესიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლავთ. პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ასევე განიხილავენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებთან გამკლავებაც ყოველდღიურად უხდებათ პრაქტიკოს თუ ლიდერ ექთნებს.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს ექთანთა გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც განაგრძობენ.