ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ია გელენიძის საგანგებო მიმართვა

30 მარტი 2020

ძვირფასო ექთნებო! კოლეგებო! პარტნიორებო და მეგობრებო!

დღეს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთად დგომა COVOD 19 ინფექციის გავრცელებისა და შემდგომი გართულებების პრევენციის უზრუნველყოფისათვის!

ჩვენი მიზანია:

აქტიურობა და თანამშრომლობა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან: მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობების წინ წამოწევა, საჯარო სექტორის პერსონალისა და მომხმარებლების ქცევის კონტროლი, რეკომენდაციების  სწორი გამოყენების სწავლება/დანერგვა სამუშაო გარემოში, ინფიცირების რისკების შემცირებისა და შემდგომი გართულებების აცილება - ინფექციის გავრცელების ტემპისა და მასშტაბის შემცირების მიზნით;

ძვირფასო ექთნებო!

ჩვენ სახეზე გვაქვს ჩინეთის, იტალიის მაგალითი! საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც საშინელი სირთულეები გამოიარა სამედიცინო პერსონალმა, ინფექციის გავრცელების სწრაფი ტემპისა და შემდგომში ჰოსპიტალური სექტორის რესურსების კოლაფსის გამო; დაიღუპა მედიცინის არაერთი მუშაკი, მათ შორის ექთნები.ამ ყველაფერმა უნდა გვასწავლოს : ჩვენ არ უნდა დავუშვათ არაკოორდინირებული ქმედებები ჰოსპიტალურ ეტაპზე და შევეცადოთ გავერთიანდეთ  ჩვენი კოლეგების დასაცავად;

 საექთნო პერსონალის, როგორც დარგის წარმომადგენლების მთავარი პროფესიული ღირებულება არის საზოგადოების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლა. ამიტომ მოგიწოდებთ ყველა საექთნო მიმართულების წარმომადგენლებს, ჩვენს უკან თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრი დგას, ნუ შეუშინდებით ამ გამოწვევას, უკან ნუ დაიხევთ! ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ომში, დიახ ეს ომია! სადაც მტერი უხილავია და კიდევ უფრო რთულია ბრძოლის პროცესი! ჩვენ ერთად ვართ! ყველა პირობის მიუხედავად;

მადლობა თქვენ თავდაუზოგავი შრომისთვის! პროფესიის უსაზღვრო სიყვარულისთვის! ნდობისთვის, მიუხედავად არაერთგზის იმედგაცრუებისა! თქვენი მონდომებისა და მოტივაციისათვის, იბრძოლოთ, მიუხედავად არაადექვატური შრომითი პირობებისა და შრომითი ანაზღაურებისა! მერწმუნეთ, ყველა მცდელობას მოყვება შედეგი და ეს შედეგი იქნება საექთნო პროფესიის განვითარების პიკი, რომელიც ქვეყანას, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის  მიმართულებით, მაღალ საფეხურზე აიყვანს და ეს იქნება ჩვენი ყველას დამსახურება;

ჩვენ ყველა, ვართ მსოფლიოს დიდი გუნდის წევრი! დღეს მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა, შევასრულოთ ჩვენი ვალი! დავდგეთ ერთად!

ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების სწორი გამოყენება, ზედმიწევნით სწორად/რაციონალურად რესურსების ხარჯვა  და  საზოგადოების განათლებაში მონაწილეობის მიღება  - ქცევის კონტროლი! გააკონტროლე ქცევა -  გადაარჩინე სიცოცხლე! ისწავლე უსაფრთხოების წესები! შეასრულე! ასწავლე სხვასაც! რადგან თითოეული ადამიანის მიერ გაწეულ ძალისხმევას ამ მიმართულებით,  მოყვება ცვლილებები გაუმჯობესებისაკენ და საუკეთესო შედეგი - ინფექციის გავრცელების ტემპისა და მასშტაბის შემცირება! ეს პრიორიტეტია თითოეული სექტორისათვის , როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო მიმართულებით!

არ უნდა დავუშვათ ჩვენი საზოგადოების არც ერთი წევრის, ინფიცირებულების თუ არა ინფიცირებულების, მდგომარეობის გართულება და სიკვდილი, ეს ჩვენი საზოგადოებრივი და პროფესიული ვალია!

გაერთიანდი ჩვენს გუნდში, გამოიყენე შესაძლებლობები და  ჩაერთე ონლაინ საგანმანათლებლო პროცესში რადგან  ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია:

სწავლება სწავლისთვის!

ბრძოლა ადამიანის სიცოცხლისთვის!

ზრუნვა კოლეგების უსაფრთხოებისთვის!

კოლეგებო! პარტნიორებო!

ექთანი წარმოადგენს მთავარ პროფესიულ რგოლს ჯანდაცვის დაწესებულებებში! ექთანი ჯანდაცვის გულია!  ექთნის გარეშე ჯანდაცვის სისტემა შეწყვეტს ფუნქციონირებას! მნიშვნელოვანია საექთნო დარგის მაქსიმალური ჩართვა პანდემიის ეტაპზე ქვეყანაში  COVID 19  გავრცელებისა და გართულებების წინააღმდეგ ბრძოლის,  სტრატეგიული გეგმის განხორციელების პროცესში; საექთნო  სექტორის  მონაწილეობის გარეშე  რთულია, და თითქმის შეუძლებელი, რეკომენდაციების სწორი შესრულების უზრუნველყოფა, საექთნო საქმიანობის ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავება/პრაქტიკაში დანერგვა ფორსმაჟორული მდგომარეობების დროს; შესაბამისად ეს გამოიწვევს სამედიცინო სექტორების კოლაფს და შედეგი სავალალო გვექნება;

დღეს ქვეყანას ექთნების 2-ჯერ ნაკლები რაოდენობა ყავს, ვიდრე  ჩვეულებრივ  მდგომარეობაშიც გვჭირდება, არათუ  საგანგებო მდგომარეობებში, პანდემიის ეტაპზე. შესაბამისად იმ კლინიკებს, რომელთაც საექთნო პერსონალი შესაძლოა არ ესაჭიროება და ახორციელებთ მათ დროებით გაშვებას, მოგვმართეთ და ჩვენი ორგანიზაცია მოახდენს მათ კონცენტრირებას შემდგომში საგანგებო სიტუაციის შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე იმ კლინიკებში, სადაც ადამიანური რესურსის დეფიციტია;

 ასეთი მაშტაბური შემთხვევების მართვისათვის ასევე საჭიროა  მოხალისეების მობილიზება, მომზადება , პროფილის მიხედვით სელექცია და ობიექტებზე გადანაწილება;

ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს;

ორგანიზაცია მოხალისეებს უზრუნველყოფს 5 მიმართულებით:

  1. ინფექციის კონტროლის კონსულტანტი - ქცევის კონტროლი სამუშაო გარემოში/რეკომენდაციების სწორად შესრულების მიზნით;
  2. ექთანი - პროფილის მიხედვით;
  3. ექთნის თანაშემწე - პაციენტის ჰიგიენა, ტრანსპორტირება, კვება;
  4. კურიერი - სამედიცინო და არასამედიცინო სექტორში;
  5. რეინჯერი - პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება;

პარტნიორ კლინიკებს მოგიწოდებთ! ითანამშრომლოთ! მოგვმართეთ!

 ჩვენ გვყავს ადამიანები რომელთაც, გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობა და გაწევრიანდნენ მოხალისეთა ჯგუფებში, ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში;

ორგანიზაცია იწყებს სელექციის პროცესს,  პროფილისა და სექტორების მუშაობის სპეციფიკის მიხედვით და მზად ვართ დაგეხმაროთ!

 მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა გადანაწილების ეტაპზე, აქ ჩვენ გვაქვს თქვენი ჩართულობის იმედი;  

ორგანიზაცია მადლობას უხდის სახელმწიფო ინსტიტუტებს სრულიად ექთნების სახელით,   სწორი სტრატეგიული ნაბიჯებისათვის, კოლოსალური შრომისათვის და გაწეული მხარდაჭერისათვის დარგთან თანამშრომლობის  მიმართულებით;

ჩვენ კვლავ მზად ვართ  შევასრულოთ ჩვენი პროფესიული და საზოგადოებრივი  მოვალეობები და   ვითანამშრომლოთ  ქვეყნის საჭიროებებიდან  გამომდინარე პრიორიტეტების შესაბამისად ;

ძვირფასო მოქალაქენო!

ყველა ერთად  შევძლებთ გადავლახოთ ეს მძიმე ეტაპები, მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვით!

მოგიწოდებთ:

გააკონტროლეთ ქცევა! გადაარჩინეთ სიცოცხლე!

დარჩით სახლში! რათა ჩვენ შევძლოთ მუშაობა თქვენთვის!

მსგავსი სიახლეები